მასალათა გამძლეობის და დრეკადობის თეორიის კათედრა

 

მოწინავე საზოგადოების მცდელობამ რათა საქართველოში გახსნილიყო უმაღლესი განათლების სასწავლებელი, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის ასზე მეტი წლის განმავლობაში, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. მხოლოდ 1917 წლის 6 მაისს, როცა რუსეთის იმპერიული სისტემა უკვე დამხობილი იყო,დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი თბილისის პოლიტექნიკური ინსტისუტის გახსნის შესახებ. 9 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტისუტი, რომელიც იმხანად შედგებოდა მხოლოდ სასოფლო - სამეურნეო ფაკულტეტისაგან. ინსტიტუტში ჩარიცხული იქნა 300 - მდე აბიტურიენტი, რომელთა შორის 100 ქართველი იყო. ინსტიტუტში სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო, პროფესორ-მასწავლებელთა ეროვნული კადრების დეფიციტით.

 

1918 წლის 26 იანვარს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. 1921 წლის 30 დეკემბერს უნივერსიტეტის საბჭომ დაადგინა მის შედგენილობაში გახსნილიყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამშენებლო, მექანიკური და სამთო - ქიმიური განყოფილებებით. ამ განყოფილებებში გათვალისწინებული იყო 9 სპეციალიზაცია. მომდევნო წლის 16 იანვარს გაიხსნა უნივერსიტეტის ქართული პოლიტექნიკური ფაკულტეტი. ამ დროისთვის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობდნენ: პროფ. ნიკო მუსხელიშვილი-თეორიული მექანიკა, დოც. ი. თულაშვილი - სამშენებლო საქმე, კონსტ. ამირეჯიბი - სამშენებლო მასალები; ლექტორები: ბ. ჭიჭინაძე - მასალათა გამძლეობა, ნაშენთა სტატიკა, გ. ხიჩინაშვილი - ფუძე - საძირკვლები, სამშენებლო ხელოვნება; ასისტენტი ა. ჩიქოვანი - მასალათა გამძლეობა, ნ. გვარამაძე -ხიდები და სხვა. 

 

1922 წლის მაისიდან თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი აღიარებულ იქნა ამიერკავკასიის სამხარეო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად . მაგრამ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების თარიღად 1922 წელი

ითვლება, როცა უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული პოლიტექნიკური ფაკულტეტი; მისი გახსნა აღინიშნა ივ. ჯავახიშვილის გამოსვლით საბჭოს სხდომაზე. 1928 - 29 სასწავლო წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა, რომელიც შეიქმნა თსუ-ს სათანადო ფაკულტეტისა და თსპი-ს ბაზაზე. 1928 წლიდან 1963 წლამდე ( გარდაცვალებამდე ) სამშენებლო მექანიკის და შემდგომში მასალათა გამძლეობის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი მუხაძე. 1935 წელს გამოქვეყნდა მისი ქართული სახელმძღვანელო ნაშენთა სტატიკაში. 1946 წელს გ. მუხაძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ -

კორესპოდენტად. გ მუხაძის კვლევის საგანი უჭრი კოჭების, წამწეების, ჩარჩოების და საყრდენი კედლების გაანგარიSების საკითხები. ამ პრობლემის კვლევისას იგი ფართოდ იყენებდა გრაფოსტატიკას, რაც საგრძნობლად ამარტივებდა გაანგარიშებათა პროცესს.

 

გ. მუხაძის დიდი დამსახურების შედეგად კათედრაზე გაიზარდნენ ისეთი მეცნიერები, რომლებმაც საგრძნობი კვალი დატოვეს სამშენებლო მექანიკაში, მასალათა გამძლეობაში, დრეკადობის თეორიაში. ჩვენ არ შეგვიძლია დეტალურად ავღწეროთ კათედრის წევრების მეცნიერული თუ პედაგოგიური ნამოღვაწარი. ამ კათედრაზე ირიცხებოდა 15 – 20 დოცენტი, 5 -მდე ასისტენტი, 3-4 ასპირანტი და ლაბორანტი. გ. მუხაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა 1931 წელს. ამ კათედრის წევრები იყვნენ: პროფ. გ. მუხაძე ( კათედრის გამგე ), დოცენტები: ა. კაკუშაძე, ვ. ბაციკაძე, ა. შარმაზანაშვილი, ა. შანშიაშვილი, ნ. აბდულაევი, გ. ომაძე, ვ. ვართაპეტოვი, ა.ჭკუასელი, გ. მახვინაძე, ა.ჯაბუა, დ.თაქთაქიშვილი,ვ.შუშანია,ა.მესხი,ნ. ნამორაძე, ლ. სანაძე,მ.მუხაძე. 

 

კათედრაზე მიმდინარეობდა აქტიური მეცნიერული მუშაობა, რომლის სათავეში პროფ. გ. მუხაძე იდგა. რეგულარულად ტარდებოდა სამეცნიერო სემინარები და იბეჭდებოდა შრომები . მაგალითად, ბრიგადამ პროფ. გ. მუხაძის, დოც. ა. კაკუშაძის, ნ.აბდულაევისა და ვართაპეტოვის შემადგენლობით შეასრულა მეცნიერული შრომა „კოჭების,ფილების, წამწეებისა და მრავალსართულიანი ვანტების, დგარების ანგარიში დინამიკურ დატვირთვებზე". ამ შრომის შედეგები დაინერგა: „ წიგნის სასახლის ", ხრამჰესის და ჩიტახევჰესის დაგეგმარების დროს. სპი-ს შრომებში რეგულარულად იბეჭდებოდა მეცნიერული კვლევის შედეგები. მაგალითად, დოც. ნ. აბდულაევის ნაშრომები: „ დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანის ამოხსნის შერეული მეთოდი", ფილების ანგარიში სამკუთხა დატვირთვაზე", „ კოჭების საკუთარი რხევების სიხშირეთა განსაზღვრის მიახლოებითი ხერხი" და სხვა. 1949 წელს დაიბეჭდა დოც. ნ. აბდულაევის "მასალათა გამძლეობის ამოცანათა კრებული" ( ტექნიკური მექანიკა,დაიბეჭდა დოც. ვ. ბაციკაძის მონოგრაფია „სტატიკურად ურკვევი სისტემების" გაანგარიშების მაგალითები". გამოიცა დოც. ა კაკუშაძის სახელმძღვანელოს „ დრეკადობის და პლასტიკურობის თეორია" ორტომეული; სახელმძღვანელომ დიდი დახმარება გაუწია სტუდენტებს, ინჟინრებს, მეცნიერ მუშაკებს; ამ პერიოდისთვის (50- იანი წლები) ქართულ ენაზე არ არსებობდა ასეთი სახელმძღვანელო. გამოვიდა სახელმძღვანელოები მასალათა გამძლეობაში: შ. ჯაბუა და დ. თაქთაქიშვილის „მასალათა გამძლეობის მოკლე კურსი" ა.ჭკუასელის, მ. მუხაძის, კ. ქადარიას და ბ. ჯაფარიძის „ მასალათა გამძლეობა", 1 და მე-2 ნაწილი, ნ. ნამორაძის „ მასალათა გამძლეობა", 1 და მე-2 ნაწილი. ორმოცდაათიან წლებში ინსტიტუტის შრომებში იბეჭდება აგრეთვე სადისერტაციო ნაშრომთა ფრაგმენტები. მაგალითად, ა. მესხის სტატიები „სწორკუთხოვანი ფილების დინამიკური გაანგარიშებისას სპექტრული ფუნქციის მეTოდის გამოყენება". „ფილების თავისუფალი რხევების მაღალი რიგის სიხშირის განსაზღვრის ახალი ვარიანტი". ამავე პერიოდში კათედრამ განიხილა გ. ხაზალიას სადისერტაციო თემა „ სფერული რკინაბეტონის გარსების კვლევა დრეკადობის ზღვარს ზემოთ მზიდი უნარის განსაზღვრით".

 

მაღალ დონეზე ტარდებოდა კათედრის სამეცნიერო სემინარები, რაზეც მოწმობს თუნდაც თემების მოკლე ჩამონათვალი:ა. კაკუშაძე „კოშის და პუასონის ინტეგრალების შესახებ და დრეკადობის თეორიის ძირითადი პრინციპები", შანშიშვილი „ დრეკადი წირის განტოლება" ( პროფ. შ. მიქელაძის მიხედვით ); აბდულაევი „ სამშენებლო მექანიკის ზოგიერთი ამოცანები " ( მ. მიქელაძის მიხედვით ), „ცვლადკვეთიანი კოჭები", „საფეხურიანი ძალების გაანგგარიშება" (პროფ. შ. მიქელაძის მიხედვით). დიდ დახმარებას უწევდა კათედრა მსხვილ წარმოებებს და მშენებლობებს. კონსულტაციების სახით. მაგ., პროფ. გ. მუხაძე - ამიერკავკასიის რკინიგზის ობიექტებს, ა. კაკაუშაძე - ხიდების მშენებლობას ცხინვალში, გორში , ბაქოში ( საზღვაო ესტაკადა ); ვ. ბაციკაძე - „ საქკომუნპროექტის " ობიექტებს; ვ. ვართაპეტოვი - ამიერკავკასიის სხვადასხვა ობიექტებს.

 

60- იანი წლების დასაწყისში მოხდა ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის ახალი რეორგანიზაცია - გაერთიანდნენ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერია და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტები. ამავე დროს დაიწყო ფუნქციონირება სიმტკიცის ციკლის ორმა კათედრამ: მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრამ და სამშენებლო მექანიკის კათედრამ. 

 

აკად. გ. მუხაძის გარდაცვალების შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდა ა. კაკუშაძე. მან კათედრაზე მოიზიდა ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერ მუშაკები, ასპირანტები და ასისტენტები. ა. კაკუშაძის ხელმძღვანელობით დაცულ იქნა მრავალი საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში. დისერთაციები დაიცვეს ასპ. დ დანელიამ, ა. ხაბეიშვილმა, ი. ესაძემ, თ. ბაციკაძემ, პ.კოხრეიძემ, გ. რუხაძემ, ბ. ჩირაძემ.დისერტაციების პრობლემური თემატიკა ეხებოდა ფილების და გარსების სტატიკურ - დინამიკურ გაანგარისებებს სხვადასხვა მეთოდებით; უმთავრესად გამოიყენებოდა გრინის ფუნქციები.

 

პროფ. ა. კაკუშაძე ყოველმხრივ უწყობდა ხელს ახალგაზრდა მეცნიერთა ზრდას, რაც გამოიხატებოდა მრავალი სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციებში, როგორც რესპუბლიკურ ჟურნალში, ასევე სპი - ს შრომებში.

დიდი დამსახურებისთვის, პროფ. ა. კაკუშაძეს, მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის, საპატიო წოდება; იგი დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით და მედლებით.

70-იანი წლების, ბოლოს ხანდაზმულობის, გამო ა. კაკუშაძემ, უარი თქვა კათედრის გამგის თანამდებობაზე და დარჩა ამავე კათედრაზე პროფესორად.კათედრის გამგედ არჩეულ იქნა ტ.მ.დ., პროფ. ალ. ლოსაბერიძე, რომელმაც გააგრძელა წინამორბედის დაწყებული საქმე. ამ პერიოდსი დისერტაცია დაიცვა დოც. ჯ. ბახტაძემ; საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს ა. თვალაძემ და რ. შელიამ.

 

ა. ლოსაბერიძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ (80 -იანი წლების ბოლოს) კათედრის გამგედ არჩეული იქნა დოც. დ. დანელია, რომელსაცშემდეგში მიენიჭა პროფესორის წოდება. 80 -იანი წლები ხასიათდება მრავალი მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის გამოცემით: მასალათა გამძლეობა (დ. დანელია, მ. მაძაღუა, გ. ხაზალია), ტექნიკური მექანიკა (ა.ლოსაბერიძე, დ. დანელია), დრეკადობის თეორიის დამხმარე სახელმძღვანელო ( დ. დანელია, ზ. მაძაღუა); მეთოდური მითითებები მასალათა გამძლეობის საკურსო სამუშაოების შესასრულებლად (ნ. მურღულია, ა.მჭედლიშვილი, ა. ცქიტიშვილი), დამხმარე სახელმძღვანელოები: სწორი ძელის ღუნვა, ბრტყელ ნაკვთთა გეომეტრიული მახასიათებლები, სწორი ღეროს გრეხა (გ. გაჩეჩილაძე, ა. სარალიძე, ნ. მეფარიშვილი), რღვევის მექანიკის ელემენტები (გ. გაჩეჩილაძე, დ. ქორქია). დამხმარე სახელმძღვანელოები დრეკადობის თეორიაში: დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანების ამოხსნის მაგალითები ( ამოცანის ამოხსნა დისკრეტული მეათოდით) (გ. გაჩეჩილაძე, დ. ქორქია, ა. სარალიძე).1994-1995 წლებში გამოვიდა თ. ბაციკაძის და გ. გაჩეჩილაძის სახელმძღვანელო „ მასალათა გამძლეობის კურსი", 1 და მე- 2 ნაწილები (მე- 2 ნაწილის თანაავტორია დ. ქორქია).

 

1997 წელს გამოვიდა თ. ბაციკაძის და გ. გაცეჩილაძის სახელმძღვანელო „დრეკადობის თეორია", რომელიც განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისთვის. დოც. თ. ბაციკაძის ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ჯ. ნიჟარაძემ.

1990 წელს გამოიცა ტ.მ დ. პროფესორ ი. ღუდუშაურის მონოგრაფია „ დრეკადობის თეორია ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებში".(რუსულ ენაზე)

2000 წლიდან კათედრაზე გამოიცა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო:

  • თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე. მეთოდური მითითებები მშენებლობის კომპიუტერულ დაპროექტებაში მოსახმარად სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისტვის. საქ. ტექნ. უნივერსტიტეტი. 2011წ. .
  • თ. ბაციკაძე, ა.ბუქსიანიძე, ნ.მურღულია, ჯ.ნიჟარაძე. მასალათა გამძლეობის ცნობარი. საქ. ტექნ. უნივერსტიტეტი. 2009წ. .
  • თ. ბაციკაძე, თ. ბაციკაძე, რ,გიორგობიანი, ი.კომახიძე. განაწილებულ სამომენტო და განივ დატვირთვებს შორის ანალოგიის გამოყენება კოჭების დეფორმაციების განსაზღვრისათვის. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად მასალათა გამძლერობის კურსში. ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი. 2001წ. .
  • თ. ბაციკაძე, ვ.ფაჩულია, ლ.ღოღელიანი, რ.ცხვედაძე. საინჟინრო მექანიკა. სტუ-ს საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი". 2009წ
  • დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობის საფუძვლები. ტექნ.უნივერსიტეტი. 2009წ
  • დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობა. . 2007წ.
  • დ. დანელია, რ ცხვედაძე. დრეკადობის თეორია. . 2005წ.
  • დ. დანელია, ა.კვარაცხელია. მასალათა გამძლეობა. . 2004წ.
  • დ. დანელია, ა.კვარაცხელია. დრეკადობის, პლასტიკურობის და ცოცვადობის თეორიის საფუძვლები. . 2005წ.
  • ნ. ბერიშვილი, თ.ბაციკაძე, რ.გიორგობიანი, ი.კომახიძე. განაწილებულ სამომენტო და განივ დატვირთვებს შორის ანალოგიის გამოყენება კოჭების დეფორმაციების განსაზღვრისათვის. მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად მასალათა გამძლერობის კურსში. საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტი. 2001წ. თბილისი

ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე წინა თაობის მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებენ სრული და ასოცირებული პროფესორები ( თ. ბაციკაძე, დ.დანელია, ნ.ბერიშვილი, ზ.მაძაღუა, ა. ბექსიანიძე, ა.ხაბეიშვილი, ნ მურღულია, ჯ. ნიჟარაძე, რ.ჭყოიძე, ვ ლომიძე, რ. გიორგობიანი), ლაბორანტები ( მ. პეტრიაშვილი, ლ. ჯავახიშვილი).

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული