ისტორია

საქართველოში უმაღლესი ტექნიკური კადრების მომზადებას საფუძველი თბილისის უნივერსიტეტში ჩაეყარა. 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამშენებლო, მექანიკური და სამთო განხრით, რომლის პირველი გამოშვება 1928 წელს მოხდა. ინჟინრის კვალიფიკაცია სულ 10 კაცმა მიიღო.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნამდე, თბილისში არსებობდა რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლიტექნიკუმი), სადაც მათემატიკის კათედრა დღევანდელი გაგებით არ არსებობდა. პოლიტექნიკუმში 1919–1921 წლებში მოღვაწეობდნენ მათემატიკოსები გ. ხარაზოვი, ზ. ელიაშევიჩი, ნ. ბერგი (კითხულობდნენ მათემატიკურ ანალიზს), აგრეთვე გამოჩენილი მეცნიერ-მექანიკოსი ლეონიდ ლეიბენზონი, რომელიც კითხულობდა მათემატიკურ ანალიზს და თეორიულ მექანიკას. ამ ინსტიტუტში მომავალი ინჟინრების ზოგადი განათლების სრულყოფის მიზნით, ა. რაზმაძის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამებში საკმაოდ გაიზარდა მათემატიკის, ფიზიკისა და თეორიული მექანიკის როლი, როგორც ტექნიკის ათვისების ერთადერთი საფუძველი. ამით ზოგად განათლებას ახალი მიმართულება მიეცა.

 

რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის (პოლიტექნიკუმის) არსებობა გარკვეულწილად იზოლირებული იყო ქართული კულტურული ცხოვრებისაგან ერთ ხანს მისი დახურვის საკითხიც კი დაისვა. მაგრამ შემდეგ გადაწყდა, უმაღლესი ტექნიკური კადრების მომზადების გაფართოების მიზნით, თბილისის პოლიტექნიკუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილიყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რაც 1928 წელს განხორციელდა კიდეც. ამ ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში ნიკო მუსხელიშვილი დაინიშნა.

 

ახლად შექმნილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს არ ჰქონდა ცალკე მათემატიკის და თეორიული მექანიკის კათედრები. იყო სხვადასხვა საგნობრივი კომისიები. ერთ-ერთ ასეთ კომისიაში – მათემატიკურ საგნობრივ კომისიაში – გაერთიანდა უმაღლესი მათემატიკა, თეორიული მექანიკა და მხაზველობითი გეომეტრია. ამ საგნობრივი კომისიის თავმჯდომარედ ნ. მუსხელიშვილის წინადადებით აირჩიეს პროფესორი გიორგი ნიკოლაძე, ხოლო დროებით მოადგილეობა თვით ნ. მუსხელიშვილმა იკისრა.

 

ახლად შექმნილმა საგნობრივმა კომისიამ გ. ნიკოლაძის წინადადებით საგრძნობლად შეცვალა და გადაახალისა საგნობრივი პროგრამები, გაიზარდა მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსის პროგრამების მოცულობა. თეორიული მექანიკის კურსის სწავლების ორგანიზებას სათავეში ნ. მუსხელიშვილი ჩაუდგა. მის გარდა თეორიული მექანიკის კურსს უძღვებოდნენ ა. ბეგიაშვილი, ვ. კუპრაძე, ა. გორგიძე (ქართულ სექტორზე), გ. გოლუბი, კ. მარჯანიშვილი (რუსულ სექტორზე). უმაღლეს მათემატიკას (მათემატიკური ანალიზი, ანალიზური გეომეტრია) უძღვებოდნენ გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ლ. გოკიელი, , ი. ვეკუა, მ. კონიაშვილი, ნ. მგელაძე, ა.რუხაძე (ქართულ სექტორზე), ნ. ბერგი, ნ. ბარანოვსკი, გ. გოლუბი, კ.მარჯანიშვილი (რუსულ სექტორზე). მხაზველობითი გეომეტრიის კურსს კითხულობდნენ გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ა. გულისაშვილი, ნ. ბარანოვსკი . ქართველ მათემატიკოსთა ამ თაობამ დიდი კვალი დატოვა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში არა მარტო მათემატიკისა და თეორიული მექანიკის სწავლების საქმეში, არამედ სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციასა და მეცნიერული ტრადიციების დამკვიდრებაში.

 

შემდგომში სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე მოხდა ინსტიტუტის რეორგანიზაცია.

1930 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ცალკეული დარგების მიხედვით) დაიშალა სამშენებლო, სატრანსპორტო, სამთო-მეტალურგიულ, ქიმიურ-ტექნოლოგიურ, ენერგეტიკულ და სამელიორაციო ინსტიტუტებად. 1932 წელს დარგობრივი ინსტიტუტები ერთიანდება და იქმნება ამიერკავკასიის გაერთიანებული ინსტიტუტები: ინდუსტრიული, სამთო-ქიმიური და რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. საქართველოში არ რჩება არც ერთი ქართული უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი" მიუხედავად ამისა, დარგობრივ ინსტიტუტებში წამყვანი სექტორი ყველგან ქართულია (რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გარდა). ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების (1936) შემდეგ თბილისში მხოლოდ ორი დიდი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელია" საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.

საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი – შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი აერთიანებდა მთელ ქართულ ტექნიკურ ინტელიგენციას და აგრძელებდა თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე დაწყებულ საქმეს. მართალია რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი წარმოადგენდა საკავშირო უმაღლეს სასწავლებელს, მაგრამ მექანიკისა და მათემატიკის კათედრებს იქაც ქართველი მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ" მექანიკისას – ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა. ი. კვირკველია, მ. მიქელაძე" მათემატიკისას – ა. ხარაძე, შ. მიქელაძე, ე. წითლანაძე, დ. ავაზაშვილი.

 

შემდგომში (1959) ეს ინსტიტუტები კვლავ გაერთიანდა. დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანებული სახით ფუნქციონირებს 1959 წლიდან.

ინსტიტუტების რეორგანიზაციის დროს მხედველობაში იყო მიღებული უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში თეორიული მექანიკის, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო საგნის მნიშვნელობა ნებისმიერი სპეციალობის მომავალი ინჟინრის ცოდნისა და აზროვნების ფორმირებაში, ამიტომ ყველა ზემოთ დასახელებულ ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა თეორიული მექანიკის კათედრები, რომელთაც ძირითადად ნ. მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა და დაიწყო ზრუნვა ეროვნული ტექნიკური კადრების აღზრდისათვის. ყოველივე ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, რომლებიც თავდადებით შრომობდნენ ქართული ტექნიკური საქმის აყვავებისათვის. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული ტექნიკური კულტურის ერთ-ერთი მძლავრი კერაა. ამ სასწავლებლის მეცნიერი თანამშრომლები და აღზრდილები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს სახალხო მეურნეობის ყველა ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტაში.

ჩვენ მიმოვიხილავთ მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის თანამშრომელთა როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას და თეორიული მექანიკის საკითხებთან დაკავშირე-ბულ ლიტერატურას. მანამდე კი აუცილებლად მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი

მექანიკის, როგორც მეცნიერების განვითარების მთავარი წამყვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარება, ტექნიკის განვითარება.

თეორიული მექანიკა იყო და არის თანამედროვე ტექნიკის ძირითადი დარგების მეცნიერული საფუძველი. მექანიკის კანონების ცოდნა აუცილებელია ბუნების მოვლენების ფართო კლასის გაგებისათვის. თეორიული მექანიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორია იძლევა იმის უამრავ მაგალითს, თუ მექანიკური მოძრაობის ცნობილ კანონებზე დაფუძნებით როგორ შეიძლება უტყუარი დასკვნების გაკეთება ახალი მოვლენების მიზეზებსა და ხასიათზე.

 

უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში თეორიული მექანიკის მთავარი დანიშნულებაა ასწავლოს სტუდენტებს სწორად გამოიყენონ მექანიკის კანონები პრაქტიკაში.

მექანიკა წარმართავს მეცნიერთა და ინჟინერთა შემოქმედებით ინტუიციას, აძლევს რა მათ მოკლე და ნათელი ფორმით კაცობრიობის კოლოსალური გამოცდილების შედეგს.

თეორიული მექანიკა დიდ როლს ასრულებს თანამედროვე, მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრის ფორმირებაში. მექანიკის მეთოდების ათვისების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე საინჟინრო განათლება. ეს იმ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ თანამედროვე ტექნიკურ ცხოვრებაში მოძრაობის მექანიკური ფორმა ჯერ კიდევ გაბატონებული რჩება. მექანიკური მოძრაობის მარტივი კანონები მოიცავს მოვლენათა ფართო წრეს. ამ კანონების ცოდნა და გამოყენება საფუძველს უყრის სამეცნიერო - ტექნიკურ აზროვნებას. ამიტომ აუცილებელია თეორიული მექანიკის სწავლება ყველა ფაკულტეტზე დავაყენოთ ისეთ დონეზე, რომ მსმენელებმა შეძლონ თანამედროვე ტექნიკის კანონზომიერებათა აღქმა და შევუქმნათ მათ საიმედო საფუძველი დამოუკიდებელი საინჟინრო შემოქმედებისათვის.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ თეორიულმა მექანიკამ პირველმა მოგვცა საშუალება ავხსნათ და შევიცნოთ ჩვენ გარემომცველ სამყაროში მიმდინარე რეალური მოვლენები მისი მეშვეობით განვითარდა ფიზიკის მრავალი სხვა დარგი თეორიულმა მექანიკამ მოახდინა დიდი გავლენა ტექნიკის განვითარებაზე.

თეორიული მექანიკა იძლევა უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პრაქტიკულად ყველა სპეციალური დისციპლინის მეცნიერული აგების მყარ საფუძველს.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ვითარდება თეორიული მექანიკა და ფართოვდება მისი გამოყენების საზღვრები. იგი ფართოდ გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, ავიაციაში, კოსმონავტიკაში, კიბერნეტიკაში და ა. შ.

 

თეორიული მექანიკის ბაზაზე კვლევის ობიექტების სპეციფიკის მიხედვით წარმოიშვა და წარმატებით განვითარდა მრავალი მეცნიერება, ისეთი, როგორიცაა მასალათა გამძლეობა, დრეკადობის თეორია, მექანიზმებისა და მანქანების თეორია, ჰიდროდინამიკა, სითხისა და აირთა დინამიკა და სხვ. ამ მეცნიერებებში მექანიკის კანონებს ჩვეულებრივ ამატებენ სხვა კანონებს, რომლებიც ახასიათებენ ნივთიერი სხეულების დამატებით თვისებებს. მაგალითად, მასალათა გამძლეობასა და დრეკადობის თეორიაში მხედველობაში იღებენ სხეულთა დეფორმაციას და ამატებენ ჰუკის კანონს, რომელიც გამოხატავს კავშირს დეფორმაციასა და ძალას შორის ჰიდროდინამიკაში ითვალისწინებენ დეფორმაციის სიჩქარეს და იყენებენ დამატებით კანონს, რომელიც გამოხატავს კავშირს დეფორმაციის სიჩქარესა და ძალას შორის აირთა დინამიკაში დამატებით ითვალისწინებენ აირის კუმშვადობას და ა. შ.

თეორიული მექანიკის კურსი – არსებითად პირველი სასწავლო კურსია უმა¬¬ღლესი ტექნიკური სასწავლებლების სასწავლო გეგმაში, სადაც სტუ¬დე¬ნ¬ტებს ასწავლიან ძალიან მნიშვნელოვან, შესაძლოა გარეგნულად მარტივ ფი¬ზი¬კურ– ტექნიკურ პროცესებს და მოვლენებს, სადაც ისინი პირველად ხედავენ, თუ როგორ შეიძლება შესაბამისი მათემატიკური აპარატის გამოყენებით ამო¬იხსნას ტექნიკასთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანა ეს არის კურსი, რომელშიც სტუდენტები სწავლობენ განსახილველი მოვლენის და პროცესის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ იწყება საქართველოში სამეცნიერო მუშაობა მათემატიკისა და მექანიკის საკითხებზე. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბýოს გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ევროპის სამეცნიერო დაწესებულებებიდან მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის ქართველი მეცნიერები, რომელთა ხელმძღვანელობითა და თანადგომით გაიშალა ფართო სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა.

ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, რომელიც 1920 წელს პეტერბურგიდან მოიწვიეს თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში.

 

 

1938 წელს ნ. მუსხელიშვილის რეკომენდაციით ა.გორგიძე აირჩიეს სპი-ს თეო¬¬- იული მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს (52წლის განმავლობაში ) მოღვაწეობდა და დაუღალავ და ნაყოფიერ სა-მეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და აღმზრდელობით მუშაობას ეწეოდა.

 

სახელოვანი მეცნიერისა და პედაგოგის სახელის უკდავსაყოფად, 1993 წელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიამ დააწესა პროფესორ ა. გორგიძის სახელობის პრემია. 2001 წელს ქ. ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწესდა პროფესორ ა. გორგიძის სახელობის სტიპენდია.

1997 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი უწყვეტ ტანთა მექანიკის პრობლემებზე, რომელიც სახელოვანი მამულიშვილის, მეცნიერისა და პედაგოგის პროფესორ ალექსი გორგიძის დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციად დამკვიდრდა აღნიშნული სიმპოზიუმის ყოველ 5 წელიწადში ჩატარება.

პროფესორი ალექსი გორგიძე გარდაიცვალა 1992 წლის 17 დეკემბერს.

 

უდიდესი ქართველი მათემატიკოსების ანდრია რაზმაძის, არჩილ ხარაძის, გიორგი ნიკოლაძისა და ნიკო მუსხელიშვილის ღირსეული მოწაფისა და მათი საქმეების გამგრძელებლის პროფესორ ალექსი გორგიძის ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დაუვიწყარია.

1990 წლის 16 თებერვალს ალექსი გორგიძის რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე აირჩიეს ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლერი დობორჯგინიძე.

 

 

1993 წელს თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ხარიბეგაშვილი.

სერგო ხარიბეგაშვილი დაიბადა 1953 წელს, 1993 -1998 წლებში თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა.

ს. ხარიბეგაშვილი ავტორია ერთი მონოგრაფიისა (ინგლისურ ენაზე). მისი ნაშრომები ეძღვნება მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური განტოლებებისა და განტოლებათა სისტემების კვლევას, კერძოდ, ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებსა და სისტემებს.

 

ნაყოფიერი მეცნიერული მუშაობისა და მიღებული შედეგების მნიშვნელობის აღსანიშნავად, მონოგრაფიაში "გურსას და დარბუს ტიპის ამოცანები ჰიპერბოლური წრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისა და სისტემებისათვის" მათემატიკური ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების წარმატებით კვლევისათვის ს. ხარიბეგაშვილს 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მიანიýა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია.

1999 წელს ს. ხარიბეგაშვილი სამუშაოდ გადავიდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.

1999 – 2002 წლებში სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა კათედრის დოცენტი ტ. კვიციანი. 2002 წელს ტარიელ კვიციანი არჩეული იქნა თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ.