ალექსი გორგიძე


agorgidzeგამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი მესაძირკვლე და საინჟინრო კადრების თავდადებული აღმზრდელი პროფესორი ალექსი გორგიძე დაიბადა 1907 წლის 17 მაისს, ქ. ქუთაისში. მშობლების ადრე გარდაცვალების გამო, მისი აღზრდა ბაბუამ იტვირთა. მან პატარა ალექსი თავიდანვე მიაჩვია შრომას. ბავშვობის დროინდელი სიყვარული შრომისადმი და დროის რაციონალური გამოყენების ჩვევა, დამოუკიდებელმა და მატერიალურად მძიმე ცხოვრებამ რომ ასწავლა ახალგაზრდობის წლებში, მომავალ მეცნიერს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

 

1924 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი სოციალურ-ჰუმანიტარული ტექნიკუმი, რომელიც 1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლისა და კლასიკური გიმნაზიის გაერთიანების ბაზაზე დაარსდა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

 

სტუდენტობის პერიოდში ალექსი გორგიძეს წილად ხვდა ბედნიერება, მოესმინა მეცნიერების ისეთი კორიფეებისათვის, როგორებიც იყვნენ: ანდრია რაზმაძე – ინტეგრალური აღრიცხვისა და მათემატიკური ანალიზის შესავალი, ნიკოლოზ მუსხელიშვილი – თეორიული მექანიკა, ივანე ჯავახიშვილი – საქართველოს ისტორია, კორნელი კეკელიძე – ქართული ლიტერატურა, აკაკი შანიძე – ქართული ენა, დიმიტრი უზნაძე – ფსიქოლოგია, შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფიის შესავალი. . .

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მცირე ხნით, ალექსი გორგიძე მუშაობას იწყებს გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მასწავლებლად. შემდეგ კი პერსპექტიული და იმედის მომცემი ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ მას არ შეუწყვეტია მეცნიერული მუშაობა. სულ მალე ნიკო მუსხელიშვილმა, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრას ხელმძღვანელობდა, იგი _ მისი მოწაფე _ მიიწვია კათედრის ასისტენტად.

 

1932 წლის შემოდგომაზე, სხვა ნიჭიერ მათემატიკოსებთან ერთად, ალექსი გორგიძე მივლინებულ იქნა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც იგი გამოჩენილი მეცნიერის ვლადიმერ სმირნოვის და სოლომონ მიხლინის ხელმძღვანელობით ეუფლება გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის თანამედროვე მიმართულებებს. ასპირანტურაში სწავლების დროს ალექსი გორგიძემ გამოაქვეყნა პირველი მეცნიერული შრომები დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში.

ასპირანტურის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, ა. გორგიძე ბრუნდება თბილისში და იკავებს დოცენტის თანამდებობას თბილისის უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ამასთან ერთად, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობას იწყებს მათემატიკის ინსტიტუტში, რომლის დაარსებასა და განმტკიცებაში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო.

 

1937 წელს ა. გორგიძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: ,,მიმდევრობითი მიახლოების მეთოდის გამოყენება დრეკადობის თეორიაში". ამავე წელს იგი ასრულებდა პროფესორის მოვალეობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, რომელსაც აკადემიკოსი ნიკო მესხელიშვილი ხელმძღვანელობდა. 1938 წლიდან, თვით ბატონი ნიკოს წარდგინებით, იგი სათავეში ჩაუდგა ამ კათედრას, რომელსაც 50 წელზე მეტხანს ღირსეულად და თავდადებით ხელმძღვანელობდა. პარალელურად ა. გორგიძე მოღვაწეობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, სწავლული მდივნის, ხოლო 1940-1954 წლებში დირექტორის – აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის მოადგილის თანამდებობაზე.

1962 წელს ალექსი გორგიძეს პროფესორის სამეცნიერო წოდება მიენიჭა, ხოლო 1967 წელს _ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა.

პროფესორ ა. გორგიძის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად სფეროს დრეკადობის მათემატიკური თეორიის პრობლემატიკა წარმოადგენდა, კერძოდ, ღუნვის და ამ დეფორმაციათა ურთიერთგავლენასთან დაკავშირებული წრფივი და არაწრფივი ამოცანები.

 

ქართული მათემატიკური სკოლის კორიფეები, აკადემიკოსები ნ. მუსხელიშვილი და ი. ვეკუა, უდიდეს შეფასებას აძლევდნენ პროფესორ ა. გორგიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებს.

აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი აღნიშნავდა, რომ ,,ძირითადი სფერო ა. გორგიძის მეცნიერული გამოკვლევებისა იყო პრიზმატული ძელების დეფორმაციის საკითხები, სადაც მოხდა ერთგვაროვანი ძელებისათვის კარგად ცნობილი სენ-ვენანის პრობლემების განზოგადება არაწრფივად დეფორმადი და არამკაცრად პრიზმული შედგენილი ძელებისთვის. ამ განზოგადებული ამოცანების ამოხსნების ასაგებად მის მიერ ეფექტურად იქნა გამოყენებული უმცირეს პარამეტრთა მეთოდი, რაც მკვლევარისგან ინტუიციის, ფართო ერუდიციისა და დიდ გამომგონებლობით ნიჭს მოითხოვს კერძო ამონახსნების მოხერხებულად ასაგებად."

ამ მიმართულებით პროფესორ ალექსი გორგიძის მიერ მიღებულ შედეგებს, რომლებიც 80-ზე მეტ გამოქვეყნებულ მეცნიერულ ნაშრომში აისახა, გარდა თეორიული მნიშვნელობისა, დიდი პრაქტიკული გამოყენებაც აქვს სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციათა მდგრადობის თეორიაში.

აკადემიკოსი ი. ვეკუას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,პროფესორ ა. გორგიძის კვლევების შედეგებმა მაღალ დონეზე აიყვანა დრეკადობის მათემატიკური თეორიის პრობლემატიკა, რომელსაც დიდი თეორიული და პრაქტიკული ინტერესები ახლავს".

 

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბატონი ალექსის მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, რომელსაც იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის ერთნაირი პასუხისმგებლობით წარმართავდა როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რადგანაც ღრმად სწამდა, რომ ჭეშმარიტ მკვლევარს, რომელიც თავის ლექციაში ფართოდ იყენებს თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, გამოუვა უდავოდ მაღალი დონის ლექცია. ბატონი ალექსი საოცარი მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ ის ლექციისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა და სხვებისგანაც ამას მოითხოვდა. პროფესორმა ა. გორგიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტელევიზიით ,,თეორიული მექანიკის" კურსის წაკითხვას, რაც დიდ დახმარებას უწევდა სტუდენტ-ახალგაზრდობასა და მეცნიერ-პედაგოგებს. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა თეორიული მექანიკის, ამ ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინის, სწავლების მეთოდიკის საკითხებს უმაღლეს სასწავლებლებში. პროფესორი ა. გორგიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეორიული მექანიკის საქალაქო და რესპუბლიკურ სემინარს, სადაც მრავალმა მეცნიერმა და პედაგოგმა აიმაღლა კვალიფიკაცია. დღეს ეს სემინარი ა. გორგიძის სახელს ატარებს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლებსაც ბატონმა ალექსიმ ჩაუყარა საფუძველი.

 

ბატონი ალექსი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მათემატიკისა და მექანიკის პრობლემების შემსწავლელი (ყოფილი საბჭოთა კავშირის) სამეცნიერო-მეთოდური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ამიერკავკასიის ზონის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გამგეობის წევრი, მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი და სხვ. მან პირველმა მოამზადა და გამოსცა თეორიული მექანიკის სრული კურსი ორ წიგნად: სტატიკა, კინემატიკა (I წიგნი) და დინამიკა (II წიგნი) სამაგიდო წიგნად იქცა სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის. მათზე ინჟინერთა მთელი თაობები აღიზარდნენ და, რაც მთავარია, მათ დღესაც არ დაუკარგავთ სასწავლო-სამეცნიერო ღირებულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ,,თეორიული მექანიკა" ისწავლება. აღნიშნული სახელმძღვანელოების შექმნისათვის პროფესორ ა. გორგიძეს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

 

პროფესორი ა. გორგიძე განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებელთა თეორიული მექანიკის კათედრების მეცნიერთა შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა თეორიული მექანიკის საკავშირო სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს საქმიანობაში, რომელსაც ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ა. იშლინსკი ხელმძღვანელობდა.

 

პროფესორ ალექსი გორგიძეს უყვარდა თავისი საქმე – კათედრა, აუდიტორია, სტუდენტები. მის მოსწავლეთაგან ბევრია მეცნიერებათა კანდიდატი და მეცნიერებათა დოქტორი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასპირანტურის წლების მეგობრებთან, აკადემიკოსებთან ილია ვეკუასთან, ვიქტორ კუპრაძესთან, შალვა მიქელაძესთან, პროფესორებთან ამბროსი რუხაძესთან, მიხეილ ნოდიასა და სხვებთან ერთად პროფესორმა ალექსი გორგიძემ მნიშვნელოვანი ღვაწლი გასწია ანდრია რაზმაძისა და ნიკოლოზ მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული ქართული მათემატიკური სკოლის წინსვლისათვის.

პროფესორ ალექსი გორგიძის შესანიშნავ ოჯახში ორი ვაჟიშვილი – ივანე და დავით გორგიძეები აღიზარდნენ, რომლებიც მეცნიერების დოქტორები და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსები არიან. ისინი ღირსეულად აგრძელებენ მამისეულ ტრადიციებს როგორც მეცნიერებაში, ასევე ახალგაზრდა კადრების – ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების აღზრდაში.

 

სახელოვანი მეცნიერისა და პედაგოგის სახელის უკდავსაყოფად, 1993 წელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიამ დააწესა პროფესორ ა. გორგიძის სახელობის პრემია. 2001 წელს ქ. ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწესდა პროფესორ ა. გორგიძის სახელობის სტიპენდია.

1997 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი უწყვეტ ტანთა მექანიკის პრობლემებზე, რომელიც სახელოვანი მამულიშვილის, მეცნიერისა და პედაგოგის პროფესორ ალექსი გორგიძის დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციად დამკვიდრდა აღნიშნული სიმპოზიუმის ყოველ 5 წელიწადში ჩატარება.

 

პროფესორი ალექსი გორგიძე გარდაიცვალა 1992 წლის 17 დეკემბერს.

უდიდესი ქართველი მათემატიკოსების ანდრია რაზმაძის, არჩილ ხარაძის, გიორგი ნიკოლაძისა და ნიკო მუსხელიშვილის ღირსეული მოწაფისა და მათი საქმეების გამგრძელებლის პროფესორ ალექსი გორგიძის ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დაუვიწყარია.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული