ნიკო მუსხელიშვილი


nmusxelishviliუდიდესი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში, სამხედრო ინჟინრის ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის მეორე გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა 1901-1909 წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, იგი უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება პეტერბურგს, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნიკო მუსხელიშვილმა ყურადღება მიიქცია როგორც ნიჭიერმა, შემოქმედებითი უნარისა და შრომისმოყვარე სტუდენტმა.

 

1914 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტი და დატოვებულ იქნა თეორიული მექანიკის კათედრაზე.1917-1918 წლებში მან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები.

1915 წლიდან 1920 წლამდე იგი პეტროგრადის უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკასა და მექანიკას.

1921 წელს ნიკო მუსხელიშვილი ბრუნდება თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობას იწყებს თბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან _ პროფესორის თანამდებობაზე. აქ იგი სათავეში ჩაუდგა თეორიული მექანიკის კათედრას და, გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსებთან ა. რაზმაძესთან, გ. ნიკოლაძესთან და ა. ხარაძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა მათემატიკოსთა და მექანიკოსთა ქართულ სამეცნიერო სკოლას. იმავდროულად იგი აქტიურად ჩაება უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტის დაფუძნების საქმეში.

 

1921 წლის 10 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის შექმნის თაობაზე. სასწავლო გეგმისა და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად გამოიყო კომისია პროფ. ა. დიდებულიძის (თავმჯდომარე), ა. რაზმაძის, ა. ბენაშვილის, ნ. მუსხელიშვილის, ი. მოსეშვილის, ლ. ლეიბენზონის შემადგენლობით.

 

1921 წლის ნოემბერში უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მთლიანად მოიწონა კომისიის მუშაობა და მიიღო დადგენილება უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბების შესახებ სამი განყოფილებით: სამშენებლო, მექანიკური და სამთო, თითოეული სამი სპეციალობით.

1922 წლის მაისში პროფესორი ა. დიდებულიძე დაამტკიცეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველ დეკანად. ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 1926 წლამდე, ხოლო შემდგომ იგი შეცვალა ნიკო მუსხელიშვილმა, რომელიც ამ საპატიო მოვალეობას ასრულებდა 1928 წლამდე. სწორედ ამ პერიოდში იქნა გამოშვებული პირველი ქართველი ინჟინრების ნაკადი სამშენებლო, სამთო, ელექტრო-და ჰიდროტექნიკური სპეციალობებით.

 

1928 წლის სექტემბრიდან თსუ-ს პოლიტექნიკური ფაკულტეტისა და თბილისის რუსულენოვანი პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის გაერთიანებით ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქართული და რუსული სექტორებით. ბატონი ნიკო ამ ინსტიტუტში 1928-1930 წწ. სასწავლო-სამეცნიერო დარგში პრორექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობდა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა საინჟინრო პროფილის კათედრების ჩამოყალიბების, სასწავლო- ლაბორატორიული ბაზით მათი უზრუნველყოფის, პროფესსორ-მასწავლებელთა კადრების მოზიდვისა და პირველი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზების საქმეს. მანვე დააარსა პირველი მეცნიერული სემინარი დრეკადობის თეორიაში. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ნ. მუსხელიშვილის თეორიული მექანიკის კურსის პირველი ორი ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის სწავლებას.

 

1930-1936 წლებში ნ. მუსხელიშვილი ჯერ პედაგოგიური ინსტიტუტის და შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1933 წელს ბატონი ნიკო არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1939 წელს კი _ აკადემიის ნამდვილ წევრად.

1941 წელს ნ. მუსხელიშვილმა გამოჩენილ ქართველ მეცნიერებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად და მის პირველ პრეზიდენტად. ამ დროისთვის ბატონი ნიკო ხელმძღვანელობდა მის მიერ 1933 წელს დაფუძნებულ ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტს. შემდგომ ნ. მუსხელიშვილის თაოსნობით და ხელშეწყობით შეიქმნა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტები და გამოთვლითი ცენტრი.

 

ნიკო მუსხელიშვილის პირველი მეცნიერული შრომა, რომელიც 1915 წელს გამოქვეყნდა, ეძღვნებოდა ბრტყელი დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს სხვადასხვა არეებისთვის. ამის შემდეგ იწყება ნიკო მუსხელიშვილის შესანიშნავი გამოკვლევები მექანიკასა და მათემატიკაში, სახელდობრ, აღსანიშნავია ნაშრომები ძელების გრეხისა და ღუნვის ამოცანებზე. მან კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდებით ამოხსნა დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები ჯერ კონფორმული გადასახვის, ხოლო შემდეგ ფრედჰოლმის ტიპის ინტეგრალურ განტოლებათაA მეთოდების გამოყენებით. კოშის ტიპის ინტეგრალების თვისებათა შესწავლის შემდეგ, მან მეცნიერებს მისცა დრეკადობის ბრტყელი თეორიის სასაზღვრო ამოცანების ფართო კლასის შესწავლის საშუალება.

ნ. მუსხელიშვილმა განაზოგადა სენ-ვენანის ამოცანა და შეისწავლა გრეხისა და ღუნვის ამოცანები ისეთი პრიზმული სხეულებისთვის, რომლებიც შედგენილია სხვადასხვა მასალის ერთგვაროვანი პრიზმული ძელებისაგან.

 

1933 წელს ნ. მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა თავისი მონოგრაფია "დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ამოცანა", რომელიც მსოფლიოშია ცნობილი. იგი რამდენიმეჯერმე იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. მას თავის დროზე მაღალი შეფასება მისცა გამოჩენილმა მათემატიკოსმა ა. კრილოვმა, ხოლო 1941 წელს პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ნ. მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე.

 

ნ. მუსხელიშვილის მეორე მონოგრაფია "სინგულარული ინტეგრალური განტოლებები", რომელმაც ასევე სახელმწიფო პრემია დაიმსახურა, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებისა და სინგულარულ განტოლებათა თეორიის ფუნდამენტური კვლევების შედეგს წარმოადგენს.

თუ რა დიდი აღიარება და გავრცელება პოვა ნ. მუსხელიშვილის მონოგრაფიებმა მთელ მსოფლიოში, აშკარად ჩანს იქიდან, რომ ყოველ შრომაში, რომელ ქვეყანაშიაც არ უნდა იბეჭდებოდეს იგი, თუ კი მას რაიმე კავშირი აქვს ნ.მუსხელიშვილის პრობლემატიკასთან, როგორც წესი, ციტირებულია ამ დიდი მათემატიკოსის მონოგრაფიები.

ნ. მუსხელიშვილის სახელმძღვანელო "ანალიზური გეომეტრიის კურსი" წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტ-მათემატიკოსების ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოს.

განსაკუთრებით დავალებულია ბატონ ნიკოსგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრა. მის მიერ დანერგილ ტრადიციებზე მიმდინარეობს დღესაც დრეკადობის თეორიის სწავლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

უშუალოდ ნ. მუსხელიშვილის მეთოდის გამოყენებამ საშუალება მისცა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებს მიეღოთ მაღალი კაშხლების, მათ შორის ენგურჰესის კაშხლის კოეფიციენტების გამოსათვლელი ფორმულები და გაანგარიშებანი ჩაეტარებინათ მათი გამოყენებით. მისი შრომების საფუძველზე მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში მიღებულ იქნა ელექტრული მანქანების ზოგიერთი კვანძების გამოსაანგარიშებელი ფორმულები და სხვ.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. მუსხელიშვილის ღვაწლი მათემატიკური ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში, რაც ბატონმა ნიკომ სამშობლოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო და შემდეგშიაც არ შეუწყვეტია. "მათემატიკური ტერმინოლოგიის" (1944 წ.) წინასიტყვაობაში წიგნის რედაქტორი, პროფესორი ვუკოლ ბერიძე წერდა: "განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო ტერმინოლოგიას აკადემიკოსმა ნ. მუსხელიშვილმა, რომელმაც თითოეული სიტყვა შეამოწმა და შეეცადა, რაც შეიძლება სრული შესატყვისობა ყოფილიყო მათემატიკურ ცნებასა და მის მიერ გამოხატულ ტერმინს შორის".

 

უდიდესია ნ. მუსხელიშვილის დამსახურება სამეცნიერო კადრების ჩამოყალიბების საქმეში. ბატონი ნიკო მსოფლიოში ცნობილია, როგორც მეცნიერების დიდი ორგანიზატორი. იგი საქართველოში მეცნიერებათაA აკადემიას ხელმძღვანელობდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო 1972 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი საპატიო პრეზიდენტი. ნ. მუსხელიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ყოფილი საბჭოთა კავშირის მექანიკოსთა ასოციაციის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.

ბატონი ნიკო არჩეული იყო გერმანიის (ბერლინის), პოლონეთისა და ბულგარეთის სამეცნიერო აკადემიების უცხოელ წევრად, სომხეთის და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრად.

1945 წელს ნ. მუსხელიშვილს ერთ-ერთ პირველთაგანს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის მაღალი წოდება. ნ. მუსხელიშვილი დაჯილდოებული იყო ლენინის 6 ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით.

ნ. მუსხელიშვილი არჩეულ იყო ყოფილი სსრ კავშირის I-IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

 

ბატონ ნიკოს დიდ საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი 1940 წ. არჩეულ იქნა თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრად. მის დამსახურებას მეცნიერების წინაშე მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სახელმწიფო და სამეცნიერო ორგანიზაციებმა. 1969 წელს ტურინის აკადემიამ (იტალია) მას მიანიჭა მოდესტო პანეტის სახელობის საერთაშორისო პრემია და ოქროს მედალი. 1970 წ. სლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიამ დააჯილდოვა ოქროს მედლით, ბულგარეთის მთავრობამ კი _ კირილესა და მეფოდის პირველი ხარისხის ორდენით. ბატონი ნიკო დაჯილდოებული იყო აგრეთვე მ. ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედლით.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 1977 წელს დააწესა ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგში.

ბატონ ნიკოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან. 1971 წელს, დაბადების 80 წლის აღნიშვნის დღეებში, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთ "აღმაშენებლის" კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე: "რომელ მოგონებასთანაა დაკავშირებული თქვენი ყველაზე დიდი სიხარული"? ბატონმა ნიკომ უპასუხა: "სიხარული ბევრი განმიცდია, ცხადია, მაგრამ ორი ამბავი დამამახსოვრად მეტად: ერთი, ეს იყო 1933 წელს. სრულიად მოულოდნელად მომივიდა დეპეშა მოსკოვიდან, მაუწყებდნენ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩევას. გაფრთხილებული არ ვიყავი და თითქმის არც მჯეროდა. ასეთი რამ არც შეიძლება დაგავიწყდეს. მეორედ თსუ-ს პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველმა გამოშვებამ გამახარა. მე მაშინ ამ ფაკულტეტის დეკანი ვიყავი". ნიკო მუსხელიშვილმა _ XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მექანიკოსმა და მათემატიკოსმა _ მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი ქართულ მეცნიერებას და იგი ევროპის სამეცნიერო სკოლების სიმაღლეზე აიყვანა.

 

ბატონი ნიკო იყო "ჩვენი ქვეყნის მასახელებელი", – როგორც მას დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ უწოდა. 1976 წლის 15 ივლისს, როდესაც შეწყდა ამ დიდი მოაზროვნის სიცოცხლე, ქართველმა ხალხმა მას სავსებით ღირსეულად სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდაზე ქართველი ერის სახელოვანი მამულიშვილების გვერდით დაუმკვიდრა.

1991, 2001 და 2011 წლებში მშობელმა ხალხმა, მსოფლიოს მათემატიკოსთა და მექანიკოსთა ფართო საზოგადოებამ უდიდესი პატივი მიაგო ნ. მუსხელიშვილის ნათელ ხსოვნას დაბადების 100, 110 და 120 წლისთავის აღნიშვნით.

ნიკო მუსხელიშვილი ქართული ნიჭიერების ოქროს ძეგლია. მისი ნამოღვაწარი მსოფლიო ცივილიზაციის კუთვნილებას წარმოადგენს. ბატონი ნიკოს სახელი უკვდავების შარავანდედითაა შემოსილი და მას დავიწყება არ უწერია.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული