ანდრია რაზმაძე

razmadzeთანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ანდრია მიხეილის ძე რაზმაძე დაიბადა 1889 წლის 12 აგვისტოს, სოფელ ჩხენიშში (სამტრედიის რაიონი), რკინიგზელის მიხეილ გაბრიელის ძე რაზმაძის ოჯახში. ანდრიას მამა ობერკონდუქტორად მუშაობდა და თავის წრეში საკმაოდ განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. დედა _ ნინო გიორგის ასული ნოდია _ წარმოშობით სოფელ ონტოფოდან (აბაშის რ-ნი) იყო. ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა _ ანდრია, მისი ტყუპის ცალი და ელენე და მეორე და მარიამი.

 

1896 წელს ანდრია ხაშურის (სადაც ოჯახი საცხოვრებლად იყო გადასული) რკინიგზის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს, სასწავლებელი ანდრიამ ფრიადზე დაამთავრა. 1901 წელს ანდრიას მამა გარდაეცვალა და ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ფოთში გადავიდა, ხოლო შემდეგ, 1902 წელს, ქუთაისში დასახლდა. 1902-1904 წწ. ა. რაზმაძე ქუთაისის ექვსკლასიან სასწავლებელში სწავლობდა. 1906 წელს მან ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში შესასვლელად გაემგზავრა, გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. სასწავლებელი 1910 წელს დაამთავრა. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის გუბერნიაში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად.

 

1914 წელს ანდრია რაზმაძე სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, სადაც კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერმანულ ჟურნალში M"Mატჰემატისცჰე Aნნალენ" გამოაქვეყნა პირველი შრომა "ცვლადი ბოლოწერტილიანი ამონახსნების შესახებ ვარიაციათა აღრიცხვაში". შემდეგ კი სამაგისტრო ხარისხისათვის გამოცდების ჩაბარება დაიწყო. სამაგისტრო პროგრამა ა. რაზმაძეს პროფესორმა დ. ეგოროვმა შეუდგინა. ა. რაზმაძემ ბრწყინვალედ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და წმინდა მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მან მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის პროფესორ-მასწავლებელთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, უკვე მაგისტრმა, საერთო წესის მიხედვით წაიკითხა ორი ლექცია:"მეორე ვარიაციის შესახებ" და "გეოდეზიური წირების შესახებ". საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს წაკითხულ მოხსენებებს და ერთხმად მიანიჭეს წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტის წოდება. ამ დღიდან ა. რაზმაძე მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ვარიაციულ აღრიცხვაში (1917-1918 წწ.). ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართველი ერის გამოჩენილმა შვილებმა ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაუყარეს დიდ ეროვნულ ტაძარს _ თბილისის უნივერსიტეტს, რომელიც 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისის გიმნაზიის შენობაში გაიხსნა.

 

ა. რაზმაძე უნივერსიტეტის დაარსების შესახებ იდეის დაბადებისთანავე გვერდში ამოუდგა ივანე ჯავახიშვილს და სხვა სახელოვან მამულიშვილებს,რომლებმაც რეალობად აქციეს ქართველი ერის ეს დიდი ხსნის ოცნება. ბატონი ანდრია, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ვარიაციათა აღრიცხვაში, საფუძვლიანად გაეცნო სხვადასხვა უნივერსიტეტების სტრუქტურას, ფაკულტეტების სასწავლო გეგმებს, კათედრების საქმიანობას, სასწავლო პროგრამებს და, სათანადო გამოცდილებით აღჭურვილი, დაბრუნდა საქართველოში.

1918 წლის გაზაფხულიდან დაიწყო მეცნიერული კადრების მოწვევა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ა. რაზმაძის წარდგინებით, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა შემადგენლობაში შედიოდა, უნივერსიტეტის დოცენტის თანამდებობაზე აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტში წმინდა მათემატიკის კათედრაზე დატოვებული არჩილ ხარაძე.

1918 წლის 5 ნოემბერს ა. რაზმაძემ მათემატიკურ ანალიზში პირველი ლექცია წაიკითხა თბილისში. მისმა ლექციამ დიდი სიხარული და დამსწრეთა ოვაცია გამოიწვია.

ბატონი ანდრია რაზმაძე გახლდათ უნივერსიტეტის სამათემატიკო – საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. მან შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე ლექციები მათემატიკაში, აგრეთვე მექანიკასა და ფიზიკაში, დაწერა ქართულ ენაზე პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. ამ დიდი საქმეების მოგვარებაში მას გვერდით ედგნენ მისი მოწაფეები, შემდგომ საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები: ნიკოლოზ მუსხელიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, არჩილ ხარაძე და სხვ. ა. რაზმაძე 1920 წლიდან იყო "ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიის" წევრი. როგორც თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, იგი მონაწილეობდა მათემატიკოსთა სხვადასხვა შეკრებებზე, მაგალითად 1924 წელს მონაწილეობა მიიღო მათემატიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე ქ. ტორონტოში (კანადა). ამ კონკურსზე საქართველო გახდა საერთაშორისო მათემატიკური კავშირის წევრი.

 

1919 წელს პროფესორმა ა. რაზმაძემ, როგორც ფაკულტეტის დეკანმა, დიდი შრომა გასწია, რომ უნივერსიტეტში ფიზიკის ზოგადი კურსის მოსამზადებლად ოდესიდან მოეწვია პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე, რომელმაც ივ. ჯავახიშვილთან, ა. რაზმაძესთან, ნ. მუსხელიშვილთან, ა. ბენაშვილთან, გ. ნიკოლაძესთან, ბ. ჭიჭინაძესთან და სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად დიდი ძალისხმევა მოანდომა უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსების საქმეს (1922 წ.) ბატონი ალექსანდრე ამ ფაკულტეტის პირველი დეკანი გახლდათ. უმაღლეს მათემატიკაში ა. რაზმაძის მიერ წაკითხული პირველი ლექციით დაიწყო სასწავლო პროცესი პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე.

 

ა. რაზმაძე მათემატიკოსთა ფართო წრეში ცნობილი იყო როგორც მეცნიერი, რომელიც ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულსა და დამამთავრებელ დარგში _ ვარიაციათა აღრიცხვაში. იგი მიზნად ისახავდა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი პრობლემა გამოეკვლია დასაშვებ წირთა უფრო ზოგადი ან უფრო სპეციალური კლასისათვის, ვიდრე კლასიკურ თეორიაში განხილული დამაგრებულბოლოებიანი უწყვეტად წარმოებად წირთა კლასია. თავის პირველ შრომაში მინიმუმის ამოცანა ამოხსნა ისეთი წირებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ერთი ბოლო დამაგრებული აქვს, ხოლო მეორე – სავსებით თავისუფლად მოძრავი (და არა გარკვეულ წირზე მოძრავი, როგორც ეს განხილული აქვს ზოგიერთ მკვლევარს). ბატონმა ანდრიამ შემდეგში გამოიკვლია უწყვეტი, მაგრამ კუთხითი წერტილების შემცველი წირების კლასი და მოგვცა ამ შემთხვევისთვის აუცილებელი პირობების ახალი საინტერესო ფორმა.

1925 წელს ანდრია რაზმაძემ პარიზში წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი "წყვეტილი ამონახსნებისათვის ვარიაციულ აღრიცხვაში", რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მის მეცნიერულ შემოქმედებაში და რომელიც ბევრი მკვლევარის სამეცნიერო ნაშრომშია ასახული. ა. რაზმაძემ თავის სადოქტორო დისერტაციაში პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, დაადგინა მინიმუმის, როგორც აუცილებელი, ისე საკმარისი პირობები და ამით საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. უკანასკნელი ნაშრომი "ვარიაციათა აღრიცხვის პერიოდული ამონახსნები და შეკრული ექსტრემალები", რომელიც ა. რაზმაძემ ავადმყოფობის დროს დაამთავრა, მხოლოდ 1934 წელს გამოქვეყნდა. ამ შრომაში ა. რაზმაძე იხილავს პერიოდულ ამონახსნებსა და შეკრულ ექსტრემალებს. ა. პუანკარეს მიერ დასმული მინიმუმის ამოცანა ამ შრომით დასრულებულ მდგომარეობამდე იქნა მიყვანილი სიბრტყეზე და მიღებულ თეორიას ადამარ – რაზმაძის სახელი ეწოდა. ამ ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა მსოფლიოში ცნობილმა მათემატიკოსმა კ. კარათეოდინიმ. ა. რაზმაძეს ეკუთვნის აგრეთვე სიბრტყეზე ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ლემის მნიშვნელოვანი განზოგადება, მინიმალური ზედაპირების ფართობთა თეორიის გამარტივება და სხვ. ვარიაციათა აღრიცხვაში ა. რაზმაძის მეცნიერული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ათ შრომაში.

 

1928 წელს, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავზე, ა. რაზმაძე წერდა: "თბილისის უნივერსიტეტმა განვლო თავისი განვითარების პირველი ეტაპი. მან აამეტყველა ქართულ ენაზე უმაღლესი მეცნიერება. მეორე ათეულ წლებში უნივერსიტეტს მოუხდება უფრო ღრმა, უფრო დაკვირვებული მუშაობა, რომ იგი თავისი მეცნიერული შინაარსით და ღირსებით დაუახლოვდეს დასავლეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს". სამწუხაროდ, თბილისის უნივერსიტეტის შემდგომ წლებს ბატონი ანდრია ვერ მოესწრო. 1929 წლის ზაფხულში იგი ბაკურიანში ისვენებდა, სადაც მუცლის ტიფით გახდა ავად. იმავე წელის 2 ოქტომბერს შეწყდა უდიდესი მამულიშვილის, მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსისა და ახალგაზრდობის თავდადებული აღმზრდელის, ქართული მათემატიკური სკოლისა და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ ანდრია რაზმაძის სიცოცხლე. ბატონი ანდრიას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო მთელი საქართველოსთვის.

ბატონ ა. რაზმაძის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. უამრავი სამგლოვიარო დეპეშა და განცხადება მოვიდა განსვენებულის სახელზე, რომლებშიც უდიდესი გულისტკივილი და მწუხარება იყო გამოთქმული.

ქართული მათემატიკური სკოლის კორიფეების: ნ. მუსხელიშვილის ა. ხარაძის, ი. ვეკუას, ვ. კუპრაძის, კ. მარჯანიშვილის, ლ. გოკიელის ა. რაზმაძის ყოფილი სტუდენტების ა. რუხაძის ა. გორგიძის, ნ. ლომჯარიას, ვ. მამასახლისოვის, ვ. კობახიძის, დ. ვაშაკიძის, ლ. მაღნარიძის, ა. ბენდუქიძის, ე. წითლანაძის, გ. ხაჟალიას და სხვათა წერილებსა და მოგონებებში ნათლადაა ნაჩვენები სახელგანთქმული მეცნიერის უდიდესი დამსახურება ქართული მესნიერების წინაშე.

 

დიდი პატივისცემით იხსენებდა და საუკეთესო ადამიანად ახასიათებდა ანდრია რაზმაძეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე: "ანდრია რაზმაძე ის პიროვნება იყო, რომლის მეოხებითაც ჩვენ ავწიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ყველაზე მძიმე ტვირთი. მისი ღვაწლი უნივერსიტეტის დაარსებაში განსაკუთრებულია. იგი სულ ახალგაზრდა 39 წლის გარდაიცვალა. თავდადებულ პატრიოტს საქართველო უყვარდა ისე, როგორც მეცნიერება და მეცნიერება ისე, როგორც საქართველო".

1989 წელს ანდრია რაზმაძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან გადმოასვენეს უნივერსიტეტის ეზოში. მისი სახელი მინიჭებული აქვს მათემატიკის ინსტიტუტს; 1944 და 1989 წლებში ჩატარდა ბატონ ანდრიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომები.

 

2009 წელს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა დიდი მოწიწებითა და პატივისცემით აღნიშნა პროფესორ ანდრია რაზმაძის დაბადების 120 წლისთავი.

ანდრია რაზმაძის სახელი უკვდავია, ისე როგორც უკვდავია მისი მშობელი ქართველი ერი, უკვდავია მის მიერ შექნილი ქართული მათემატიკური სკოლა.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული