ჭელიძე ვლადიმერი


welidze vladimiriჭელიძე ვლადიმერი (1906–1978), ქართველი მათემატიკოსი. Fფიზიკა-მათემატიკის დოქტორი (1947),საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967),მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). დაიბადა ქალაქ სოხუმში. ვ. ჭელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1929 წელს. Aასპირანტურის სრული კურსი გაიარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი მეცნიერ-ხელმძღვანელები აკადემიკოსი ა. კოლმოგოროვი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დ. მენშოვი.
1936 წელს ვ. ჭელიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1947 წელს თბილისში _ სადოქტორო დისერტაცია. 1951 წელს მას პროფესორის წოდება, 1961 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1967 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ _ კორესპონდენტად აირჩიეს.
ვ. ჭელიძე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყოფილების გამგედ, 1951-1952 წლებში ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტში მან გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური, ლაბორანტიდან პროფესორამდე. Dდიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, თელავის და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1943- 1951 წლებში ვ. ჭელიძე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე იყო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე და უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე. ვ. ჭელიძე ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ჩინეთში.
ვ. ჭელიძის ძირითადი მეცნიერული შრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან განიხილა საკმაოდ ფართო კლასები კრებადი ჯერადი მწკრივებისა, რომელთა კერძო ჯამთა ორმაგი მიმდევრობა შემოსაზღვრული არაა.
ვ. ჭელიძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალი ცვლადის ფუნქციათა ინტეგრალურ გარდაქმნათა თეორიაში და ჯერად ინტეგრალთა შეჯამებადობის საკითხებში. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის (დანჟუა-ჭელიძის ინტეგრალის) თეორია, აგრეთვე ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა. შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში. განაზოგადა ჰარისა და დიუბუა-რაიმონის კლასიკური შედეგი. პროფესორი ვ. ჭელიძე ავტორია საყოველტაოდ ცნობილი მონოგრაფიების.
დიდი შრომა გასწია ვ.ჭელიძემ ქართულ ენაზე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში: ჯერ კიდევ გაასული საუკუნის 30-ან წლებში ა. გორგიძესთან, ნ. ლომჯარიასთან და ა. ჩაახტაურთან ერთად პოლიტექიკური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის გამოსცა “მეთოდური მითითებანი თეორიულ მექანიკაში ”. 1940 წელს ლითოგრაფიული წესით გამოქვეყნდა სახელმძღვანელო უმაღლეს ალგებრაში, ხოლო 1964 წელს გამოვიდა ვ. ჭელიძის ორიგინალური სახელმძღვანელო “ ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია”; მანვე ა. ხარაძესა, ბ. ხვედელიძესა და ი. ქარცივაძესთან ერთად გამოაქვეყნა “მათემატიკური ანალიზის” ორტომეული, ნ. ლომჯარიასა და გ. ხახუბიასთან ერთად “უამღლესი მათემატიკის კურსის ” სამტომეული, ე. წითლანაძესთან ერთად “მათემატიკური ანალიზის” ორტომეული. ვ. ჭელიძე ნ. ლომჯარიასა და გ. ხახუბიასთან ერთად ავტორია სახელმძღვანელოსი “მათემატიკა უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის”.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული