ამბროსი რუხაძე



ambrosi ruxadzeამბროსი რუხაძე ცნობილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამბროსი კალისტრატეს ძე რუხაძე დაიბადა 1905 წლის 5 მაისს. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური დარგის სრული კურსი და სხვა ქართველ მათემატიკოსთა ჯგუფთან ერთად, ნ. მუსხელიშვილის რეკომენდაციით, მივლინებული იყო პეტერბურგში სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ პერიოდში ნ. მუსხელიშვილი გამოსაცემად ამზადებდა მონოგრაფიის _ “დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა” პირველ გამოცემას და ხშირად ჩადიოდა პეტერბურგში მიღებულ შედეგებზე მოხსენების წასაკითხად. სწორედ ამ შედეგების შესწავლამ განსაზღვრა ა. რუხაძის მეცნიერული ინტერესი. პირველი ორი შრომა მან ი. ვეკუასთან თანაავტორობით პეტერბურგში შეასრულა და გამოაქვეყნა. ეს ინტერესი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ა. რუხაძის გამოკვლევები შედგენილი ძელების გრეხისა და ღუნვის ამოცანებში. მის მიერ შემოღებული ე.წ. “განზოგადებული ცენტრის” ცნება, რომელიც ინერციის ცენტრის მოხდენილ განზოგადებას წარმოადგენს, არსებით როლს ასრულებს სხვადასხვა დრეკადი მასალისგან შედგენილი ძელების დეფორმაციის საკითხების შესწავლისას.
1937 წელს ა. რუხაძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1948 წელს _ სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.
ა. რუხაძის შრომები დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში, რომელთა რიცხვი ასამდეა, კარგადაა ცნობილი როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ დარგში მან მოამზადა 25-მდე კანდიდატი და 3 მეცნიერებათა დოქტორი.
ა. რუხაძე 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 14 წლის განმავლობაში (1944-1958წ.წ) ხელმძღვანელობდა უმაღლესი მათემატიკის კათედრას.
მისი პედაგოგიური საქმიანობა არ შემოფარგლულა რაიმე ერთი დისციპლინით, მისი სასწავლო კურსები შეადგენდა საუნივერსიტეტო მათემატიკური საგნების ვრცელ სიას (დაწყებული მექანიკიდან ვარიაციათა აღრიცხვის ჩათვლით). პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უცვლელად კითხულობდა უმაღლესი მათემატიკის სრულ კურსს. ა. რუხაძის ლექციები მაღალი მეცნიერული და პედაგოგიური ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენდა და განსაკუთრებით იზიდავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას.
აღსანიშნავია ბატონი ამბროსის ღვაწლი უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელოების შექმნაში, ჯერ პროფ. ა. ხარაძესთან ერთად, შემდეგ დამოუკიდებლად. მისი “უმაღლესი მათემატიკის კურსი” (ორტომეული) რამდენჯერმე გამოიცა და იგი საინჟინრო სპეციალობის სტუდენტთა სამაგიდო წიგნად იქცა. ა.რუხაძის სახელმძღვანელოებზე მთელი თაობები აღიზარდა.
1967 წელს ა. რუხაძეს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი ღვაწლი აღინიშნა მრავალი მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და ღირსების ორდენით.
1995 წლის 2 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ფართოდ აღინიშნა ცნობილი მათემატიკოსისა და პედაგოგის ამბროსი რუხაძის დაბადების 90 წლისთავი. გამოჩენილი მეცნიერის სახელი ეწოდა სასწავლო აუდიტორიას. იგი დაჯილდოვდა “ღირსების ორდენით”.
ამბროსი რუხაძე გარდაიცვალა 1998 წლის 17 ოქტომბერსს, მას დიდი პატივი მიაგო საზოგადოებამ. ამბროსი რუხაძის ნაღვაწი მუდამ იბრწყინებს ქართული მათემატიკური სკოლის თანავარსკვლავედში.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული