ნიკო ლომჯარია

ნიკო ლომჯარია - მათემატიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლიტექნიკური ინტიტუტის) პროფესორი, - პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთერთი პირველი ლექტორი, რომელიც ჯერ კიდევ თსუ-ს ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის სტუდენტობისას, ნიკო მუსხელიშვილმა მიიწვია მათმატიკის კურსის წასაკითხად ახლადდაარსებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

 

ნიკო ლომჯარია არის ქართული მათემატიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის ერთერთი შემქმნელი, ქართულ ენაზე უმაღლესი მათემატიკის კურსის ავტორი და უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის (აბიტურიენტთათვის) ქართულ ენაზე პირველი მათემატიკური სახელმძღვანელოს ავტორი. მას აქვს უნიკალური შრომები ქართული თვლის სისტემის კვლევაში. უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შედარებითი ანალიზი გაეკეთებინა ქართულ და სხვა ენებში არსებულ სისტემებზე. როგორც პედაგოგს და დიდი განათლების მქონე ადამიანს მიაჩნდა, რომ ბავშვი თავდაპირველად მშობლიურ ენაზე უნდა დაეუფლოს საგანს. ამიტომაც უდიდეს შრომას უძღვნიდა ქართული მათემატიკური ტერმინების დანერგვას.

 

ნიკო ლომჯარია დაიბადა 1909 წელს ბათუმში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მისი პროფესორები იყვნენ ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკო მუსხელიშვილი. სწორედ ამ ადამიანების თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც თეორიულ მექანიკას უძღვებოდა ნიკო მუსხელიშვილი, მათემატიკას - ანდრია რაზმაძე. სტუდენტობის წლებშივე ნიკო ლომჯარიას, როგორც წარმატებულ მათემატიკოსს, უკვე ისეთი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული, რომ ამ დიდ მეცნიერებთან ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ამ მეგობრობის შედეგი იყო თუნდაც მისი სპორტულ საზოგადოება „შევარდენში" გაწევრიანება და გიორგი ნიკოლაძის მოწყობილ ალპინიადებში მონაწილეობა. ბევრი საინტერსო მოგონება და სხვადასხვა ლაშქრობის ამსახველი ფოტომასალა მოიპოვება ნიკო ლომჯარიას პირად არქივში. წლების შემდეგ დაჯილდოვებულიც კი იყო სიგელით, როგორც მთამსვლელობის ფუძემდებელი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი ნიკო ლომჯარიამ დაამთავრა 1931 წელს და გააგრძელა მათემატიკის სალექციო კურსის კითხვა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში... სიცოცხლის ბოლომდე...

1938 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურა აკადემიკოს ალექსანდროვის ხელმძღვანელობით და შემდგომში 1944 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე _ "სრულიად სავსე სივრცე". 1945 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1963 წელს პროფესორის წოდება.

 

ნიკო ლომჯარია იყო დიდი მათემატიკოსი. საქართველოში პირველი ტოპოლოგი. ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა მის სადისერტაციო ნაშრომს ტოპოლოგიაში - "სრულიად სავსე სივრცე", რომლის ანალოგიური ნაშრომი წლების შემდეგ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი პოლიტიკის გამო, ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია სადისერტაციო შრომების უმეტესი ნაწილის შესახებ სათანადო დონეზე არ ვრცელდებოდა, უცხო ენებზე არ ითარგმნებოდა და აქედან გამომდინარე, ბევრი სიახლე მეცნიერებაში სსრკ-ს საზღვრებს არ სცილდებოდა.

 

ნიკო ლომჯარია იყო მრავალმხრივი ნიჭის და დიდი განათლების მქონე ადამიანი. მან იცოდა რამდენიმე ენა. სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ ენებს (დამთავრებული ჰქონდა ფრანგული და გერმანული ლიცეუმები). მთლი ცხოვრების მანძილზე მეგობრობა და სამეცნიერო ურთიერთობა აკავშირებდა უცხოელ კოლეგებთან. არაჩვეულებრივად იცოდა საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, მხატვრობა. ძალიან კარგად ხატავდა და ერკვეოდა არქიტექტურაში. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ძმა, არქიტექტორი ილია ლომჯარია ბათუმის ცნობილი კოლონადის ავტორია, რომელიც დღეს ქალაქ ბათუმის სიმბოლოდ არის მიჩნეული).

 

1984 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეთაურობით, პირველად ჩვენი ერის ისტორიაში დაიწყო უდიდესი ბერძენი მათემატიკოსის ევკლიდეს შრომების თარგმნა ქართულ ენაზე. სხვა ერებს რამდენიმე თარგმანი გააჩნიათ, მათგან უძველესი მე-18 საუკუნის. ნიკო ლომჯარიას დაევალა V წიგნის თარგმნა ფრანგული ენიდან. რაც შეასრულა კიდეც.

ნიკო ლომჯარია, გარდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა, ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს რეგიონებში. იგი იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის დამფუძნებელი და კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით

 

ბათუმში აღიზარდა მრავალი თვალსაჩინო მეცნიერი და პედაგოგი, რომლებმაც შემდგომში მისი საქმე ღირსეულად გააგრძელეს. ასევე, მათემატიკის კათედრა მიყავდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აქტიურად თანამშრომლობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტთან, სადაც სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარედ იწვევდნენ.

ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ნიკო ლომჯარიას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული