ვიქტორ კუპრაძე

vkupradzeვიქტორ კუპრაძე ქართველი მათემატიკოსების და მექანიკოსების გამოჩენილი წარმომადგენელი, საშუალო და უმაღლესი განათლების დაუღლელი მოამაგე, დიდი საზოგადო მოღვაწე ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს, სოფელ ყელაში (ლანჩხუთის რაიონი), რკინიგზელის ოჯახში. 1911-1920 წწ. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებაზე, რომელიც 1927 წელს დაამთავრა და დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში მათემატიკური ანალიზისა და მექანიკის კათედრის ასისტენტად (1927-1930 წწ.).

ჯერ კდევ სტუდენტობისას ვ. კუპრაძემ დაწერა პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც უნივერსიტეტის შრომების კრებულში დაიბეჭდა. 1929 წელს ის გაგზავნეს ლენინგრადში სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემის ვ. ა. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქ მისი უშუალო ხელმძღვანელები არიან ა. ნ. კრილოვი და ვ. ი. სმირნოვი. იგი აღმოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა მათემატიკოსებისა და მექანიკოსების: ს. ლ. სობოლევის, ლ. ვ. კანტაროვიჩის, ს. ა. ხრისტიანოვიჩის, ს. გ. მეხლისის, გ. მ. გალუზინის და სხვათა წრეში.

 

ასპირანტობისას ვ. კუპრაძე ლექციებს უკითხავდა ლენინგრადის უნივერსიტეტისა და გემთმშენებელი ინსტიტუტის სტუდენტებს, აგრეთვე სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის მოსამზადებელი განყოფილების ასპირანტებს.

1933 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, ვ. კუპრაძე დანიშნეს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვ. ა. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად და სწავლულ მდივნად. აქ მან გარდა სამეცნიერო მუშაობისა, დიდი საორგანიზაციო მუშაობა გაშალა.

 

1934 წელს იგი დანიშნეს მათემატიკოსთა მეორე საკავშირო ყრილობის ორგკომიტეტის სწავლულ მდივნად. მან ბრწყინვალედ გაართვა თავი რთულ, მაგრამ საპატიო დავალებას. იმავე წელს მთავრობის დადგენილებით სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია ლენინგრადიდან მოსკოვში გადაიტანეს და მისი ორგანიზაციის მთელი სიმძიმე ვ. კუპრაძეს დააწვა.

1935 წელს მოსკოვში ვ. კუპრაძემ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათაA დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: "ელექტრომაგნიტური ტალღის დიფრაქციის თეორიის სასაზღვრო ამოცანები".

1935-1941 წწ. მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორად.

მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ჟურნალის "Успехи математических наук". (მათემატიკურ მეცნიერებათა წარმატებები) გამოცემის ორგანიზაციაში.

პარალელურად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას და ინდუსტრიული ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრას.

1939 წელს ვ. კუპრაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1941 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ვ. კუპრაძე 1941-1943 წლებში ომის უშუალო მონწილეა. მიუხედავად ამისა მას სამეცნიერო მუშაობა ფრონტზედაც არ მიუტოვებია.

დემობილიზაციის შემდეგ ვ. კუპრაძე მშობლიურ უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იკავებს აკადემიურ თანამდებობებს. 1943 წელს ვ. კუპრაძეს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ამავე წელს იგი დანიშნეს უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1944 წელს _ საქართველოს განათლების მინისტრად. 1946 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1947 წელს _ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად, სადაც გარდაცვალებამდე (1985 წ.) მოღვაწეობდა.

1947 წელს მონაწილეობდა "აზიისა და აფრიკის ხალხთა" კონგრესზე ქ. დელიში და კითხულობდა ლექციებს დელის უნივერსიტეტში.

1954-1958 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1954-1962 წწ. _ საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 1963 წლიდან _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

1955 წელს გაგზავნილ იქნა დელეგატედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლიის X სესიაზე.

1971 წელს ვ. კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მონოგრაფიებისთვის "დრეკადობის მათემატიკური თეორიის სამგანზომილებიანი ამოცანები". ბატონი ვიქტორი ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა კონგრესებში, კონფერენციებში, ყრილობებსა და სიმპოზიუმებში როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ, სადაც იგი დიდებულად წარმოაჩენდა ქართულ მეცნიერებას. მრავალ უცხო ენაზე ისე საუბრობდა, როგორც მშობლიურ ენაზე. მისი მინისტრობის პერიოდი ნ. ბარათაშვილის იუბილეს დაემთხვა. დიდი პოეტის შემოქმედებებზე მისი ცნობილი მოხსენება ბევრ ლიტერატორს შეშურდებოდა. ვ. კუპრაძეს ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, პოლონეთი, გერმანია და სხვ.). იგი იყო საერთაშორისო საზოგადოების "მათემატიკის მეთოდები მექანიკაში" (პოლონეთი) პრეზიდიუმის წევრი. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის სიმტკიცისა და პლასტიკურობის სამეცნიერო ბიუროს წევრი, საერთაშორისო ჟურნალის "თერმოძაბვები" (აშშ, ნიუ-იორკი) რედაქციის წევრი და სხვ.

 

ვ. კუპრაძე საქართველოს მათემატიკური საზოგადოების შექმქნელი და პირველი პრეზიდენტია (1962-1966). 1965 წ. გარდაცვალებამდე იყო ქართული ენციკლოპედიის მტავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1976 წელს არჩეულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ნაციონალური კომიტეტის, ხოლო 1980 წელს კი _ მათემატიკოსთა საკავშირო ნაციონალური კომიტეტის წევრად. ბატონი ვიქტორი იყო პირველი მათემატიკოსი, რომელიც 1981 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

ვ. კუპრაძის მოღვაწეობა ღირსეულად იქნა დაფასებული. იგი დაჯილდოვდა 6 უმაღლესი ორდენითა და მრავალი მედლით.

 

ვ. კუპრაძის სამეცნიერო კვლევები ეძღვნება ტალღების გავრცელების საკითხებს, დიფრაქციის თეორიას, მათემატიკური ფიზიკის საკითხებს, სტატიკურ და დინამიკურ ამოცანებს, დრეკადობის მათემატიკურ თეორიას, თერმო-დრეკადობას, სინგულარულ განტოლებებს და სხვ. ერთიანად ბატონი ვიქტორი 6 სქელტანიანი მონოგრაფიისა და 120 სამეცნიერო სტატიის ავტორია.

 

საინტერესოა აღინიშნოს, რომ თუ ქართველ მათემატიკოსთა პირველ თაობას ასაკის მიხედვით დავალაგებთ, მაშინ პირველ "შესანიშნავ შვიდეულში" მოხვდებიან: გ. ნიკოლაძე, ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე, შ. მიქელაძე, ლ. გოკიელი და ვ. კუპრაძე. ამასთან სამი რკინიგზელის შვილი იყო: ანდრია რაზმაძე, არჩილ ხარაძე და ვიქტორ კუპრაძე.

ვიქტორ კუპრაძეს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია კალამი ხელიდან, მან თავის გარშემო შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები, ჩაუნერგა მათ მათემატიკური კვლევის სიყვარული, მათთან ერთად შექმნა მეცნიერული სკოლა, რომელიც ვიქტორ კუპრაძის სკოლად არის ცნობილი.

 

1985 წლის 25 აპრილს შეწყდა სიცოცხლე ამ დიდი ქართველი მათემატიკოსისა, რომლის მეცნიერული სკოლის დროშა ღირსეულ მოწაფეთა ხელშია. ისინი მას, როგორც ესტაფეტას, ისე გადასცემენ მომავალ თაობებს და უკდავყოფენ მათი ძვირფასი მასწავლებლის სახელს. ამის ჭეშმარიტი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ 2003 წელს საქართველოს ფართო სამეცნიერო საზოგადოებამ დიდი პატივისცემით აღნიშნა საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ვიქტორ კუპრაძის დაბადების 100 წლისთავი. მისი სახელი ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ქართული მეცნიერების ისტორიაში.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული