ილია ვეკუა

ivekuaილია ვეკუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი და მექანიკოსი, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების უნიჭიერესი ორგანიზატორი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ნესტორის ძე ვეკუა დაიბადა 1907 წლის 23 აპრილს, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. საშუალო განათლება მიიღო ზუგდიდში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1933 წელს _ სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ლენინგრადში. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ი. ვეკუა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1939 წელს ი. ვეკუამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1944 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს, ნამდვილ წევრად. იმავე წელს ის აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1958 წელს _ ნამდვილ წევრად.

 

ი. ვეკუამ შექმნა მათემატიკის ახალი დარგები, რომლებმაც ფართო გამოყენება პოვა მექანიკაში და დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე მათემატიკის განვითარებაზე. ი. ვეკუას ეკუთვნის ელიფსური ტიპის განტოლებათა სასაზღვრო ამოცანების ზოგადი თეორია, რომელიც საფუძველი გახდა ინდექსის თანამედროვე თეორიისათვის.

XX საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სრული თეორია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა კლასიკური მათემატიკური ანალიზის შესაძლებლობანი. ამ თეორიამ დასრულებული სახე ქართველ მათემატიკოსთა გამოკვლევებში მიიღო და ი. ვეკუას შრომებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მის შექმნაში.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ი. ვეკუა დიდი გატაცებით მუშაობს განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორიისა და დრეკად გარსთა თეორიასა და გეომეტრიაში მისი გამოყენების საკითხებზე. ამ მიმართულებით ი. ვეკუამ ფუნდამენტურ შედეგებს მიაღწია, რომლებიც თავმოყრილი და შეჯამებულია მის მონოგრაფიაში "განზოგადებული ანალიზური ფუნქციები". მონოგრაფიამ ავტორს, როგორც ახალი თეორიის ერთ-ერთ შემქმნელს, მსოფლიო აღიარება მოუტანა.

 

ი. ვეკუა, მათემატიკისა და მექანიკის ბევრ დარგში ღრმა თეორიული გამოკვლევების ავტორი, არ იფარგლებოდა წმინდა თეორიის ჩარჩოებით და იმ ზომამდე სრულყოფდა თავის გამოკვლევებს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი უშუალო მომარჯვება მათემატიკის, მექანიკის, ფიზიკისა და ტექნიკის გამოყენებითი ამოცანების გადასაწყვეტად.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ვეკუას ცხოვრების უკანასკნელი ათწლეულის მრავალი გამოკვლევა, რომლებიც დრეკად გარსთა თეორიის ახალი ვარიანტების შემუშავებას მიეძღვნა. ი. ვეკუას მიერ შექმნილმა გარსთა თეორიის მეთოდებმა შესაძლებელი გახადა გადაჭრილიყო მთელი რიგი პრინციპული საკითხები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ამოუხსნელი რჩებოდა.

 

აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფე ი. ვეკუა მასთან ერთად საქვეყნოდ ცნობილი ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

მრავალმხრივ და ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად, ი. ვეკუა დიდ ორგანიზატორულ და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ჯერ ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგში), შემდეგ თბილისში, მოსკოვში, ნოვოსიბირსკში და _ ისევ თბილისში.

წლების მანძილზე ი. ვეკუა იყო ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა კათედრების მუშაობას, მათ შორის თბილისის მიმოსვლის ტრანსპორტის ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრას განაგებდა. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს- მდივანი, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე.

 

1952-1959 წლებში ი. ვეკუა მოსკოვში მოღვაწეობდა. იგი იყო მოსკოვის ვ. მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის კათედრის გამგე, მუშაობდა მოსკოვის სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში.

 

უდიდესია ი. ვეკუას ღვაწლი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჩამოყალიბებაში. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდიუმის წევრი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორი და პირველი რექტორი. ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ყოფნის პერიოდში (1959-1964 წლები) ი. ვეკუამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანის გადაწყვეტას _ ქვეყნის აღმოსავლეთი რაიონებისათვის სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეს.

დიდმნიშვნელოვანია ი. ვეკუას დამსახურება ახალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შექმნისა და მათი მუშაობის ხელმძღვანელობის საქმეში, მეცნიერების ყველა სფეროს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ისე სოციალისტურ ქვეყნებში, მომზადდა მათემატიკოსთა და მექანიკოსთა მრავალრიცხოვანი კადრები, რომელთაგან ამჟამად ბევრი ცნობილი მეცნიერია.

1965-1972 წლებში ი. ვეკუა სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მისი მოღვაწეობის ამ პერიოდთან არის დაკავშირებული სასწავლო-აღმზრდელობითი და მეცნიერულ-ორგანიზაციული მუშაობის დონის ამაღლება, მეცნიერულ-ტექნიკური და სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გაფართოება. ი. ვეკუამ შექმნა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს, ამ ფართოდ ცნობილ დიდ სამეცნიერო ცენტრს.

 

1972 წელს ი. ვეკუა სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის მეცნიერების მთავარ შტაბს _ მეცნიერებათა აკადემიას და მთელ თავის ორგანიზატორულ ნიჭს, ცოდნას, გამოცდილებასა და მჩქეფარე ენერგიას ახმარდა ქართული საბჭოთა მეცნიერების შემდგომ განვითარებას, მის გამოყენებას რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის, ეკონომიკისა და სოციალურ-კულტურული ცხოვრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, მეცნიერთა საქმიანობის კონცენტრაციისათვის დიდმნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემების გადასაჭრელად.

 

ი. ვეკუას მეცნიერულმა მოღვაწეობამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მის მონოგრაფიას "განზოგადებული ანალიზური ფუნქციები" 1963 წელს ლენინური პრემია მიენიჭა, ხოლო მეორე მონოგრაფიას _ "ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები" _ სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიეკუთვნა. ბევრი მისი მონოგრაფია და შრომა თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე და გამოცემულია სხვადასხვა ქვეყანაში. იგი არჩეული იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, პალეს ლეოპოლდინას აკადემიის, პალერმოს იტალიის მეცნიერებათა აკადემიის, პოლონეთის თეორიული მათემატიკისა და მექანიკის საზოგადოების, დანიის გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის სამეცნიერო ცენტრის, თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეისა და მრავალი სხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრად. მას მინიჭებული ჰქონდა პალეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

ი. ვეკუა იყო მთელი რიგი წამყვანი საბჭოთა და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედაქციების წევრი, მრავალი სამეცნიერო კონგრესისა და კონფერენციის აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი.

მათემატიკისა და მექანიკის დარგში უთვალსაჩინოესი მიღწევებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებაში მრავალი წლის ნაყოფიერი მუშაობისათვის ი. ვეკუა ქვეყნის უმაღლესი ორდენებით იყო დაჯილდოებული.

დიდ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. ვეკუა კარგად უხამებდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მოღვაწეობას.

 

იგი წლების მანძილზე მეთაურობდა რესპუბლიკურ საზოგადოება "ცოდნას".

ი. ვეკუას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეუწყვეტია დაძაბული, შემოქმედებითი და ორგანიზატორული მუშაობა. უდიდესი ნებისყოფის ფასად, მან ბოლო დროს შექმნა შრომები, რომლებიც გასხივოსნებულია მისი ნათელი ნიჭით და რომლებიც მეცნიერების საგანძურში შევა როგორც დიდი მეცნიერული გმირობის მაგალითი. დიდი მეცნიერი გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს.

 

ი. ნ. ვეკუას _ საქართველოს ერთგული შვილის, დიდი მოქალაქის, უსპეტაკესი და მაღალპრინციპული პიროვნების, ხალხის საქმის უსაზღვროდ ერთგული ადამიანის ნათელი ხსოვნა ნიმუშად ექნება ბევრ თაობას და მარად დარჩება ხალხის ხსოვნაში.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული