დავით ავაზაშვილი

davazashviliცნობილი ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი დავით ზაქარიას ძე ავაზაშვილი დაიბადა 1911 წლის 16 სექტემბერს, ყვარელში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1937 წ. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტი. მის მუშაობას მათემატიკურ ფიზიკაში ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი, შემდეგ _ ვ. კუპრაძე.

1940 წელს დ. ავაზაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: "მაქსველის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამონახსნის ერთადერთობის დამტკიცება უსასრულო არაერთგვაროვან არეში.".

 

1944-49 წლებში დ. ავაზაშვილი მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში იგი კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით იკვლევდა ბრტყელი დრეკადობის თეორიის და პოტენციალთა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მიღებული ადრინდელი შედეგები შევიდა ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა ვ. სმირნოვის მრავალტომეული, "უმაღლესი მათემატიკის კურსი" (1941 წლის გამოცემა, IV ტომი), ნ. მუსხელიშვილის "სინგულარული ინტეგრალური განტოლებები (1946 წლის გამოცემა), ა.სოკოლნიკოვის "დრეკადობის მათემატიკური თეორია" (1946 წლის გამოცემა). შემდგომ წლებ დ. ავაზაშვილი იკვლევდა სივრცული დიფრაქციის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, რის შემდეგაც, 1958 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ელექტრომაგნიტური რხევის დიფრაქციის ამოცანა". 1959 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის დარგში. დ. ავაზაშვილის კვლევითი მუშაობის შედეგები ასახულია სამეცნიერო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ სამოცზე მეტ ნაშრომში.

დ. ავაზაშვილი ასპირანტურის წლებიდანვე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სასწავლო პროცესში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სატყეო ინსტიტუტში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, სადაც მისი დამსახურება რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა მომზადების საქმეში აღინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის დირექტორ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით.

 

1959 წლიდან დ. ავაზაშვილის მოღვაწეობა მთლიანად დაკავშირებულია თბილისის ორი უმაღლესი სასწავლებლის _ რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა და ინდუსტრიული ინსტიტუტების ბაზაზე შექმნილ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან, სადაც 1960-1984 წლებში ხელმძღვანელობდა უმაღლესი მათემატიკის კათედრას. საინჟინრო კადრების მომზადების საქმეს მან მიუძღვნა არაერთი მეთოდური ხასიათის პუბლიკაცია და დამხმარე სახელმძღვანელო.

დ. ავაზაშვილს 1967 წელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოებული იყო "საპატიო ნიშნის" ორდენით, მედლით "შრომითი მამაცობისათვის".

 

ბატონი დავითი იყო უაღრესად კეთილშობილი, სპეტაკი პიროვნება, ამასთან ერთად მეტად პრინციპული და მომთხოვნი საკუთარი თავისა და კოლეგების მიმართ.

დავით ავაზაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის ***. იგი დიდი გულისტკივილით გააცილა ფართო საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული